აპრილის თვის აქტივობები

თარიღი: .

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში აპრილის თვეში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:

1.სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლაში, გაიმართა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული. კვირეულის ფარგლებში სამოქალაქო განათლების კლუბის „შეცვალე“ და მოსწავლეთა თვითმმართველობის ჩართულობით განხორციელდა შემდეგი აქტივობები: დამზადდა ელექტრონული საინფორმაციო პოსტერი, სასკოლო საზოგადოებისა და თემის ინფორმირების მიზნით და განთავსდა სკოლის Facebook გვერდზე; ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან თემაზე: „ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, კანონი და არსებული პრაქტიკა“; განხორციელდა მცირე კვლევა თემში :“ქალები და რეპროდუქციული ჯანმრთელობა“. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 226 რესპოდენტმა (ძირითადად მოსწავლეთა მშობლები, ოჯახის წევრები და მასწავლებლები), გაკეთდა ანალიზი და მომზადდა პრეზენტაცია; მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად იმყოფებოდნენ სამედიცინო კლინიკაში და ასევე სკოლაში სტუმრად მოიწვიეს ექიმი-რეპროდუქტოლოგი და ექიმი-კოლპოსკოპისტი. შეხვედრას სკოლის მოსწავლეებთან ერთად ესწრებოდნენ „მხარდამჭერ მშობელთა კლუბის“ წევრებიც. ექიმებმა ისაუბრეს ჯანმრთელობის დაცვის მნიშვნელობაზე, რეპროდუქციაზე, კიბოს სკრინინგზე, ვაქცინაციის მნიშვნელობაზე, პრევენციის გზებზე და სხვა. ჯანმრთელობის დაცვის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით დამზადდა პოსტერები, ფლაერები, რომელიც გავრცელდა სკოლასა და თემში , მოსწავლეებმა გადაიღეს ანიმაციური ვიდეო რგოლი. კვირეულის ბოლოს მათ სკოლის ეზოში მოაწყვეს ფლეშ-მობი თემაზე:“იყავი ჯანმრთელობის სადარაჯოზე“.

2.სსიპ, ვაჟა-ფშაველას სახელობის ქ. გორის მე-9 საჯარო სკოლაში, მცირე საგრანტო პროექტის „მომავლის გასაღების“ ფარგლებში, სკოლაში უფლებების თემაზე გამოფენა მოეწყო. პროექტის მიზანია მოსწავლეთა და მშობელთა ინფორმირება მათი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, არსებულ გამოწვევებზე რეაგირება და სამართლებრივი კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ითანამშრომლეს ხელოვნების პედაგოგებთან, მათი დახმარებით შეიქმნა ნამუშევრები, რომელიც მოიცავდა არატრადიციული მასალისაგან დამზადებულ ქანდაკებებს, პოსტერებს. მოსწავლეებმა საკუთარი აზრის გამოსახატად დაამზადეს ნამუშევრები სახელწოდებით: „ყველას აქვს უფლება ისწავლოს“, „ყველას აქვს სიცოცხლის უფლება“, „ყველას აქვს უფლება იყოს ჯანმრთელი“, „ბუნებასთან უძლური ხარ“. ღონისძიების დროს მოსწავლეებმა ისაუბრეს მიმდინარე მცირე გრანტის პროექტის შესახებ და გააკეთეს პრეზენტაცია თუ რა არის არატრადიციული ხელოვნება. ნამუშევრები 1 კვირის მანძილზე იქნება გამოფენილი სასკოლო საზოგადოებისთვის და სკოლის სტუმრებისათვის.

3.USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში კომპანია “ჰაიდელბერგ ცემენტის” მხარდაჭერით კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტში!

4.შიდა ქართლის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებისათვის განხორციელდა პოსტერების კონკურსი, რომლის ფარგლებში ახალგაზრდებმა შექმნეს ციფრული დიზაინის პოსტერები, რომელზეც წარმოადგინეს დედამიწაზე არსებულ პრობლემები - კლიმატის ცვლილების პროცესები, გამოწვევები და შესაძლო გადაჭრის გზები; პოსტერები ასახავს ახალგაზრდების დამოკიდებულებას დედამიწაზე არსებული პრობლემების მიმართ.

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა, ხორციელდება ორგანიზაცია PH International-ის მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. შიდა ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა „საზოგადოება ბილიკი“.