3 მარტს საზოგადოება „ბილიკის" ჟურნალისტიკის კლუბმა ვერხვების კოტეჯებში მცხოვრებ დევნილ ქალბატონებს დედის დღე მიულოცა. მათ საჩუქრად მისალოცი ბარათები, გაზეთი „ბილიკი" და დევნილთა საინფორმაციო ბროშურები გადასცეს.
საზოგადოება „ბილიკის" ჟურნალისტიკის კლუბის წევრებმა აქციისთვის მზადება ორი დღით ადრე დაიწყეს. თავად დაამზადეს ყვავილის ფორმის მისალოცი ბარათები წარწერით „ლამაზად შვილის გამზრდელი, დედა მიცვნია ღმერთადა". როგორც მოზარდებმა აღნიშნეს ყველა დედა იმსახურებს მილოცვას და პატივისცემას. საშუალება რომ ჰქონოდათ გორში მცხოვრებ ყველა დედას პირადად მიულოცავდნენ. ამ ეტაპზე დევნილებისთვის მილოცვა კი იმ თვალსაზრისით გადაწყდა, რომ ბოლო დროს მათ ბევრი ტანჯვა გამოიარეს და სურვილი ჰქონდათ მცირედი ყურადღებისთ მათთვის ეს დღე ოდნავ მაინც გაელამაზებინათ.
დევნილები ძალიან გაახარა მოზარდების სტუმრობამ, ისინი აღნიშნავდნენ, რომ ასეთ დღეებში მცირედი ყურადღებაც მისასალმებელია. ავნევიდან დევნილმა ქალბატონმა ნუნუ სებისკვერაძემ მადლობა გადაუხადა საზოგადოება „ბილიკს" ყურადღებისთვის - „დიდი მადლობა ამ ლამაზი საჩუქრებისთვის, იმისთვის, რომ გრძნობთ და აფასებთ დედის ღვაწლს. თუთოეულ თქვენგანს ბედნიერ დედობას, მშვიდობიან და გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრებას გისურვებთ. ახლო წარსულში ის საშინელი დღეები რაც თქვენ - ჩვენმა შვილებმა ნახეთ, თქვენს შვილებს აღარ ენახოთ. წარმატებებს ვუსურვებ თქვენს ორგანიზაციას".
აქციამ წარმატებით ჩაიარა. მოზარდებიც კმაყოფილები იყვნენ, რომ შეძლეს და დევნილი ქალბატონები გაახარეს.