ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე

  

20 ნოემბერს ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან და ბავშვთა უფლებათა კონვენციის 20 წლისთვათან დაკავშირებით, სასტუმრო „ვიქტორიაში" მოეწყო ბავშვთა უფლებების შესახებ მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება.  ფილმი საზოგადოება „ბილიკის" ჟურნალისტიკის სტუდიის  მიერ, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და Save the Children-თან პარტნიორობით შეიქმნა (პროექტი „ახალი ცხოვრების დასაწყისი").

ფილმის ჩვენება სამუშაო შეხვედრის ფორმატში მოეწყო და მიზნად ისახავდა მოწვეულ სტუმართა აზრის გაგებას, მათგან გარკვეული შენიშვნების მიღებას და გათვალისწინებას უფრო მასშტაბურ პრეზენტაციამდე.

ფილმის სცენარი მოზარდების ჯგუფის მიერ, ბავშვთა უფლებათა კონვენციის მიხედვით დაიწერა. სულ რვა მუხლს გაუკეთდა ეკრანიზაცია და მასში ნაჩვენებია ის ძირითადი უფლებები, რომლებიც დღეს ყველაზე ხშირად ირღვევა.

ფილმის ჩვენებას სცენარის ავტორებთან და მსახიობებთან ერთად Save the Children -ის, ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აგრეთვე საზოგადოების სხვა ცნობილი ადამიანები ესწრებოდნენ.

ფილმმა საკმაოდ დადებითი შეფასება დაიმსახურა, ჩვენების შემდეგ გამომსვლელები ემოციებს ვერ მლავდნენ. ნანა საბანაძე, ლტოლვილთა გა განსახლების სამინისტროს შიდა ქართლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი - „საზოგადოება „ბილიკი" ყოველთვის ზრუნავდა ბავშვებზე და მათ უფლებებზე, ეს ფილმი კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. როცა „ბილიკის" შესახებ ვსაუბრობ, მათ ღონისძიებებს ვესწრები, ვიგებ იმ აქტივობების შესახებ, რომლებსაც ისინი ახორციელებენ, მიჩნდება სურვილი რომ ჩვენ ყველა მათნაირები ვიყოთ, დიდი მადლობა მათ ამისთვის. ასევე დიდი მადლობა ბავშვებს, სცენარის ავტორებს, მსახიობებს, გადამღებ ჯგუფს და ყველა იმ ადამიანს ვინც ფილმის შექმნაში მიიღო მონაწილეობა".

შეხვედრის დასასრულს სცენარის ავტორები მოკლემეტრაჟიანი ფილმის DVD დისკებით და მონაწილეობის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ (DVD დისკები მსახიობებსაც გადაეცათ).

საღამო საზეიმო ვითარებაში ტორტის გაჭრით დასრულდა.

Copyright © 2006 BILIKI. All Rights Reserved.
Created by: Pro-Service