17 ივლისს სასტუმრო ვიქტორიაში საზოგადოება „ბილიკის" აღმასრულებელმა დირექტორმა მოხალისეებს მიღწევის სერტიფიკატები გადასცა. თორმეტმა ახალგაზრდამ ორგანიზაციის სხვადასხვა სამსახურში მარტიდან ივნისის ჩათვლით ოთხთვიანი პროგრამა გაიარა და შესაბამისი გამოცდილებაც მიიღო. საზოგადოება „ბილიკში" მოხალისეობის პროგრამა 2006 წლიდან ხორციელდება და ყოველწლიურად აპლიკანტთა რიცხვი უფრო და უფრო იზრდება. როგორც აღინიშნა ბოლო ეტაპზე, უამრავი მსურველიდან 12 საუკეთესო შეირჩა, რომლებიც სხვადასხვა სამსახურებში გადანაწილდნენ. როგორც თავად ახალგაზრდებმა აღნიშნეს, ეს ოთხი თვე მათ ცხოვრებაში ძალიან საინტერესო პერიოდი იყო - შეიძინეს ცოდნა, მიიღეს გამოცდილება, უწევდათ სასიამოვნო გარემოში ყოფნა. რამოდენიმე მათგანისთვის ამ პროგრამამ უკვე იქონია წარმატებული შედეგი - ჟურნალისტიკის სტუდიის მოხალისე ციკო შაქარაშვილი მოკლემეტრაჟიანი ფილმის რეჟისორის ასისტენტად იმუშავებს ორი თვის მანძილზე. ფილმს საზოგადოება „ბილიკი" ბავშვთა უფლებების შესახებ იღებს. საგანმანათლებლო სტუდიის მოხალისე თამარ თაყაძე კი ინგლისური ენის პედაგოგად დასაქმდა. ზოგიერთმა მათგანმა ოჯახების კვლევაში მიიღეს მონაწილეობა, რაც აუნაზღაურდათ კიდეც. ორგანიზაციის დირექტორმა თითოეულ მათგანს წარმატებები უსურვა და საზეიმო ვითარებაში სერტიფიკატებით დააჯილდოვა. |