
| 16-17 ივლისს საზოგადოება „ბილიკმა" პროექტის „ბავშვი და მომავალი ცხოვრება" (OSI-ZUG) ფარგლებში კონფერენცია გამართა, რომელსაც ოთხი პარტნიორი სკოლის - II, IV, V და VI საჯარო სკოლების 15 მშობელი ესწრებოდა. კონფერენცია ორგანიზაციის გამოცდილების გაზიარების და მშობელთა კლუბების სამომავლო საქმიანობის დაგეგმვის მიზნით მოეწყო. სექტემბრიდან აღნიშნულ სკოლებში მშობელთა კლუბები იფუნქციონირებს, რომლებიც სკოლისთვის სასარგებლო აქტივობებს განახორციელებენ. პარტნიორი სკოლების და მშობლების შერჩევა გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო. შერჩეულ მშობლებს სამედიცინო, ფსიქოლოგიური და ბიზნეს ტრენინგები ჩაუტარდათ. მათგან კიდევ შეირჩა მშობელთა გარკვეული რაოდენობა, რომლებმაც კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. კონფერენციის პირველი დღე ჯგუფის შეკვრას და მონაწილეთა გაცნობას, მეორე დღე კი უშუალოდ სამომავლო საქმიანობის დაგეგმვას დაეთმო. თითოეული სკოლის მშობლებმა წარმოადგინეს იდეები, რომლებზეც სექტემბრიდან იმუშავებენ. დაფინანსების ნაწილს „ბილიკი" გაიღებს, ნაწილს კი თავად მშობლები მოძიებენ კონფერენციაზე მიღებული ცოდნის შედეგად. იდეები ძირითადად სპორტულ-გამაჯანსაღებელ, საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებს შეეხებოდა. როგორც მშობლები აღნიშნავდნენ ეს კონფერენცია მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან მათ დიდი ხანია აქვთ სურვილი სკოლის ცხოვრებაში საკუთარი წვლილის შეტანისა, თუმცა არ იცოდნენ გზა, თუ რა სახით მოეხერხებინათ ეს ყველაფერი. სექტემბრიდან კი ისინი სხვა მშობლებსაც მოიწვევენ კლუბში და შეეცდებიან აქტიურად ჩაერთნონ სკოლის ცხოვრებაში. |