1 ივნისს დღის ცენტრების აღსაზრდელები სტუმრად პროკრედიტ ბანკში მიიწვიეს სპეციალურად მათთვის გამართულ აქციაზე. „მე დავაგროვებ ფულს იმისთვის, რომ..." ამ სათაურის ქვეშ ბავშვებმა ქაღალდზე თავიანთი ოცნებები გადმოიტანეს და ის ნივთები დახატეს რაც მათ ყველაზე ძალიან უნდათ რომ ჰქონდეთ. საუკეთესო ნახატი პროკრედიტის ჟურნალში მოხვდება, აქციის თითოეული მონაწილეს კი სხვადსხვა საჩუქრები გადაეცათ. 2 ივნისს საზოგადოება „ბილიკში" მწერალი ვანო ჩხიკვაძე იყო მოწვეული, რომელსაც ჟურნალისტიკის სტუდიამ უმასპინძლა. გაიმართა მსჯელობა ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე, შემოქმედებაზე, ღირსებაზე, ცოდნაზე, რწმენაზე, ადამიანობაზე... შეხვედრის დასასრულს ბატონმა ვანომ საკუთარი ლექსები წაიკითხა წიგნიდან „გაზაფხულია მარიამ"... 3 ივნისს ერთწუთიანი იფილმების ფესტივალის „სამყარო შენი თვალით" დახურვა და საკონკურსო ფილმების ჩვენება მოეწყო. 4 ივნისს დღის ცენტრების აღსაზრდელებმა კომბინატის კულტურის ცენტრში შემოქმედებითი კონცერტი და სპექტაკლი წარმოადგინეს. მანამდე კი ამავე შენობაში პროექტის "რესურს ცენტრი გორელი დევნილებისთვის" პრეზენტაცია მოეწყო. რესურსცენტრი მოემსახურება 13-დან 18 წლამდე მოზარდებს დევნილი ოჯახებიდან. აქ ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ტრენინგები, გამართავენ დისკუსიებს აქტუალურ თემებზე და მოაწყობენ შეხვედრებს ცნობილ ადამიანებთან. კვირეული ვარძიაში ექსკურსიით დასრულდა. |