ტრენინგები პარტნიორი სკოლის მშობლებისთვის საზოგადოება „ბილიკში"

  

საზოგადოება „ბილიკი" 2008 წლის ნოემბრიდან ახორციელებს პროექტს „ბავშვი და მომავალი ცხოვრება" - ღია საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია დღის ცენტრის „ბილიკის" ბაზაზე გაუმჯობესდეს გორის 6-16 წლამდე რისკის და ქუჩის ბავშვების ფორმალური და არაფორმალური განათლება, პროფესიული უნარები, შემეცნებითი, ემოციური და ფსიქოლოგიური, სოციალური მდგომარეობა.

პროექტი ასევე ითვალისწინებს ბავშვთა აღზრდაში პასუხისმგებელი პირების პედაგოგების და მშობლების განათლებას და შესაძლებლობების ამაღლებას.

სწორად ამ მიზნით საზოგადოება „ბილიკმა" შეარჩია 3 პარტნიორი სკოლა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმების შემდგომ მუშაობაც დაიგეგმა.  

პირველ ეტაპზე ჩატარდა შეხვედრები მშობლებთან სამივე პარტნიორ სკოლაში. მონაწილეებს შორის იყვნენ სამეურვეო საბჭოს წევრი მშობლებიც. შეხვედრის მონაწილე მშობლები გახდებიან ბაზა მშობელთა კლუბებისა შემდგომში.

აპრილის თვეში პარტნიორი სკოლის 30 მშობლისთვის დაიგეგმა და განხორციელდა სამედიცინო, ფსიქოლოგიური და ბიზნეს ტრენინგები. სკოლებში გავრცელდა ინფორმაცია და მშობლებს გადაეცათ სააპლიკაციო ფორმები. სააპლიკაციო ფორმებში მშობლებს შესაძლებლობა მიეცათ თავად აერჩიათ სასურველი ტრენინგი და ასევე გამოეხატათ თავისი მოტივაცია და ინტერესი ტრენინგთან დაკავშირებით.

სამედიცინო ტრენინგის თემა იყო: „ნევროზები ბავშვებში" და განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

  • რა არის ნევროზი და მისი გამომწვევი მიზეზები?
  • რომელ ასაკში ვითარდება ნევროზი და რა სახის დარღვევები ვითარდება ამ დროს?
  • შესაძლოა თუ არა ნევროზი გენეტიკურად გადავიდეს მშობლიდან?
  • მართალი თუ არა, რომ ტელევიზორი და კომპიუტერი ხელს უწყობენ ბავშვებში ნევროზის განვითარებას?
  • რას წარმოადგენს ეგრეთწოდებული ვეგეტატიური ნევროზი?
  • ლუნატიზმი ანუ მთვარეულობა

ფსიქოლოგიური ტრენინგის თემად შერჩეული იქნა: „ასაკობრივი კრიზისები ბავშვის განვითარებაში". ტრენინგზე შევეხეთ შემდეგ საკითხებს:

  • ასაკობრივი კრიზისები და სირთულეები სააღმზრდელო პროცესში; 6-7 წლის კრიზისი და გარდატეხის სირთულეები, ცვლილებები, რომლებიც ამ ასაკში ხდება ბავშვის პიროვნებაში და წარმატებული განვითარების აუცილებელი პირობები.
  • ოჯახური გარემო და ბავშვის პიროვნების განვითარება; სირთულეები, რომლებიც უჩნდებათ ბავშვებს დისფუნქციურ ოჯახებში, კერძოდ ალკოჰოლური და კონფლიქტური ოჯახების პირობებში.

მცირე ბიზნესის განვითარების ტრენინგის მომზადებისას განხორციელებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა საზოგადოება „ბილიკის" მოხალისე „ბილიკის" მოხალისეობრივი პროგრამიდან. ტრენინგი 2 დღიანი იყო და მოიცავდა შემდეგ თემებს:

  • საწარმოთა და ორგანიზაციათა სამართლებრივი ფორმები და მათი რეგისტრაცია;
  • გადასახადები და სალარო აპარატები;
  • ბიზნეს გეგმა; მარტივი ბიზნეს გეგმის სტრუქტურა;
  • პოტენციური დაფინანსების წყაროები და საბანკო სესხებთან დაკავშირებული პროცედურები.

პირველი დღე დაასრულა პროკრედიტ ბანკის წარმომადგენელმა, რომელმაც ისაუბრა ბანკიდან ბიზნეს და საყოფაცხოვრებო სესხების გატანის პროცედურებზე და ბანკის პროცენტზე. მშობლებში დიდი დაინტერესება გამოიწვია ასევე ანაბრებმა და იმ შეღავათებმა, რომლებსაც ბანკი თავის მომხმარებლებს სთავაზობს. დარიგდა ბანკის სხვადასხვა სახის ბუკლეტები, რომლებიც ასევე მნიშვნელოვანი საინფორმაციო წყარო იყო მსმენელებისთვის.

მეორე დღეს მოწვეულ იქნა თიბისი ბანკის ბიზნეს ექსპერტები, რომლებმაც წარმოადგინეს ბანკის პრეზენტაცია და უპასუხეს უამრავ შეკითხვას, რომლებსაც ტრენინგის მონაწილენი განუწყვეტლივ სვამდნენ. ერთადერთი უკმაყოფილება მშობლების მხრიდან გამოწვეული იყო ბანკების მიერ დამწყებების არ დაფინანსებამ. მათ განემარტათ, რომ მნიშვნელოვანია ბანკისთვის კლიენტის მიერ ნდობის მოპოვება და მათ დასაწყისისთვის დასჭირდებათ ის ადამიანი, რომლის ნდობა ბანკს არ გაუჭირდება.

ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს საშუალება მიეცათ შეეფასებინათ ტრენინგი. შეფასება ანონიმური იყო, თუმცა მათ გამოთქვეს სურვილი ფურცელზე საკუთარი გვარი და სახელი დაეფიქსირებინათ და ასევე იმედი გამოეთქვათ, რომ განმეორდებოდა ფსიქოლოგირი და სამედიცინო ტრენინგები, რომლებზე დასწრებაც მათ ვერ მოუხერხდათ. 

Copyright © 2006 BILIKI. All Rights Reserved.
Created by: Pro-Service