
| 30 აპრილს, სასტუმრო „ვიქტორიაში" პროექტის „ფსიქო - სოციალური მხარდაჭერა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ბავშვებისათვის" საზეიმო დახურვა მოეწყო. პროექტის ფარგლებში დევნილი ბავშვებისთვის შექმნილი იყო ორი დღის ცენტრი „ბავშვისადმი კეთილგანწყობილი გარემო" წმინდა წყლისა და კომბინატის დასახლებებში, სადაც დევნილი ოჯახების ბავშვებს საშუალება ჰქონდათ ესწავლათ,ეთამაშათ, დაუფლებოდნენ ხელგარჯილობას, კვირაში ორჯერ ფსიქოლოგსაც ხვდებოდნენ, აწყობდნენ სხვადასხვა ღონისძიებებს. ერთი სიტყვით აქ ყველანაირი პირობა იყო იმისთვის, რომ პატარებს თავი კარგად ეგრძნოთ. 30 აპრილს პროექტი დასრულდა და მისი მონაწილე ყველა ბავშვი სტუმრად მიიწვიეს სასტუმრო „ვიქტორიაში", სადაც მხიარული ვიქტორინა მოეწყო. დარბაზში წარმოდგენილი იყო ის ნამუშევრები, რომლებიც პროექტის მიმდინარეობისას თავად პატარებმა გააკეთეს - თექის ნაკეთობები, ბისერებით აწყობილი სამკაულები, ნახატები... გამოიფინა ის ფოტო-მასალაც, რაც პროექტის ფარგლებში ჩატარებული სხვადასხვა აქტივობების დროს იქნა გადაღებული. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ კედლის გაზეთებსაც გაცნობოდნენ, რომლებიც პატარებმა დაბა ბაკურიანში, ჟურნალისტიკის ტრენინგის მიმდინარეობისას გააკეთეს. ყველაზე მთავარი კი მხიარული ვიქტორინა იყო. „მოაზროვნეები" და „მხიარულები" ერთმანეთს ცოდნაში, სიმღერაში, ლექსების თქმასა და ცეკვაში შეეჯიბრნენ. „მოაზროვნეებმა" „მხიარულებს" 18 ქულით აჯობეს, თუმცა საჩუქრები მეგობრულად და ყველასთვის თანაბრად განაწილდა. ღონისძიება საზეიმო ვითარებაში, ტორტის გაჭრით დასრულდა. |