
| საზოგადოება „ბილიკმა" დევნილი ოჯახების ბავშვებისთვის დაბა ბაკურიანში გასვლითი რეკრეაციული აქტივობები და ტრენინგები მოაწყო, რომელიც ორ ეტაპად ჩატარდა. ტერნინგების თემები ბავშვებმა თვითონ შეარჩიეს. პირველ ეტაპზე ბავშვთა უფლებები, მეორეზე კი, ჟურნალისტიკის საფუძვლები და პროფესიული უნარ-ჩვევები შეისწავლეს. ორივე ეტაპი, როგორც სატრენინგო თემებით, ისე მხიარული აქტივობებით და შემეცნებითი ვიქტორინებით საკმაოდ დატვირთული იყო. პირველი ეტაპის (1-7 აპრილი) ტრენერებმა, სოფო ოქროპირიძემ და ბაჩო ხუციშვილმა ტრენინგები ჩაატარეს ბავშვთა უფლებებზე, კონფლიქტების მოგვარებასა და გენდერულ თანასწორობაზე, იგივე თემებზე ბავშვებთან ერთად დისკუსიებიც გამართეს. როგორც აღვნიშნეთ ტრენინგის გარდა ბავშვები რეკრიაციულ და შემეცნებით აქტივობებში იყვნენ ჩართული, ჩაატარეს სპორტული ღონისძიებები, მოაწყეს შემოქმედებითი საღამო, მხიარული ვიქტორინა და ა.შ. უტარდებოდათ მეცადინეობები ხელსაქმეში და პედაგოგების დახმარებით არაერთი ძალიან ლამაზი და საინტერესო ნამუშევარი შექმნეს. მეორე ეტაპზე (24-29 აპრილი) ტრენინგი საზოგადოება „ბილიკის" ჟურნალისტმა ეკა ქოთოლაშვილმა, ჟურნალისტიკის სტუდიის ძველ წევრებთან - მარი ახალკაცთან და მარი ბერიანიძესთან ერთად ჩაატარა. ბავშვებმა ჟურნალისტიკის საფუძვლებთან ერთად ჟურნალისტური ეთიკა და პრინციპები, სტატიის მომზადება, ინტერვიუს წარმართვა და სხვა პროფესიული უნარ-ჩვევები შეისწავლეს. ჩატარდა შემოქმედებითი ღონისძიება, მოეწყო მხიარული ვიქტორინა, ტრენინგების დასრულების ბოლო დღეს კი კედლის გაზეთები გააკეთეს, რომელთა მასალებზეც ტრენინგების მიმდინარეობისას, შესწავლილი თემების შესაბამისად მუშაობდნენ. ტრენინგის თითოეულ მონაწილეს ექსპრომტად, ხელით გაკეთებული სერთიფიკატები გადაეცა. სტუმრობა ბაკურიანში, რომ მართლაც ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო, ამას შთაბეჭდილებების რვეულში ბავშვების მიერ გაკეთებული ჩანაწერებიც მოწმობს. „ეს იყო ყველაზე ბედნიერი დღეები ჩემს ცხოვრებაში, ბაკურიანი და სასტუმრო ვერე პალასი არასოდეს დამავიწყდება" - აღნიშნავდა უმეტესობა მათგანი. |