2009 წლის 23 თებერვალს საზოგადოება „ბილიკს" ბავშვთა გლობალური ფონდის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პროგრამების ოფიცერი, ლისა ფიალა ეწვია. სტუმრობის მიზანი ორგანიზაციის დათვალიერება, მისი მუშაობის გაცნობა და აქ არსებული ბავშვთა კლუბების წევრებთან შეხვედრა იყო. თავდაპირველად იგი ლიდერთა ქსელის ბავშვებს შეხვდა, შემდეგ ფსიქოლოგიური ტრენინგის მონაწილე მასწავლებელებს და მცირე სგრანტო კონჯურსის გამარჯვებულებს, მოგვიანებით კი სადისკუსიო, ეკოლოგიური, ბავშვთა უფლებათა და ჟურნალისტიკის კლუბების საქმიანობას გაეცნო. ბავშვებმა თავად უამბეს იმის შესახებ, თუ რას საქმიანობენ ისინი საკუთარ კლუბებში, რა აქტივობებს ახორციელებენ და ა.შ. შეხვედრა ძირითადად კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ლისა ფიალამ აღნიშნა, რომ იგი კმაყოფილია ორგანიზაციის მუშაობით: „ბილიკში" დამხვდა ის, რასაც ველოდით, აქ ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს, ვხედავ, რომ დიდ ყურადღებას აქცევთ მოზარდების განვითარებას, მათ დამოუკიდებლად ცხოვრებას და აზროვნებას ასწავლით, სხვადასხვა უნარ-ჩვევებს უყალიბებთ, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, გირჩევთ, რომ ასე გააგრძელოთ. წარმატებებს გისურვებთ მომავალშიც".
ლისა ფიალას საჩუქრად „ბილიკის" აღსაზრდელების მიერ გაკეთებული ტიხრული მინანქრის საყურეები გადასცეს, რომლებიც მას იმდენად მოეწონა, რომ იქვე მოირგო. შეხვედრა სამახსოვრო ფოტოების გადაღებით დასრულდა.