19 ნოემბერს საზოგადოება „ბილიკში" ჩატარდა დისკუსია თემაზე - არ დავუშვათ ძალადობა, რომელიც მიეძღვნა მსოფლიო დღეს ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ. დისკუსიის ორგანიზატორებმა - „ბილიკელმა" ახალგაზრდებმა და სტუმრად მოწვეულმა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, ძალადობის ფორმებზე, მისი წარმოშობის მიზეზებზე და თავიდან აცილების გზებზე ისაუბრეს. აგრეთვე, მოეწყო ძალადობის წინააღმდეგ მიმართული თავისუფალი თემების და მხატვრული ნამუშევრების გამოფენა, რომელთაგანაც საუკეთესო სლოგანების და ნახატების გამოყენებით კალენდარი გაკეთდება.
ყოველ 19 ნოემბერს, 2001 წლიდან მოყოლებული, ბავშვზე ძ ალადობის წინააღმდეგ მსოფლიო დღე აღინიშნება. ისევე, როგორც შარშან, საზოგადოება „ბილიკში" ეს დღე უყურადღებოდ, წელსაც არ დაუტოვებიათ - ლიდერთა ქსელისა და სადისკუსიო კლუბის წევრებმა დისკუსია მოაწყეს თემაზე - არ დავუშვათ ძალადობა. „ბილიკელებთან" ერთად დისკუსიაში ჩართულნი იყვნენ მოწვეული სტუმრები - გორის საკათედრო ტაძრის მოძღვარი, მამა გიორგი (გაბლიშვილი), სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ბავშვთა უფლებათა კონსულტანტი ნათია ხაინდრავა, UNICEF-ის პროგრამის ასისტენტი ლანა სუხიშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის წარმომადგენელი დალი ჯანიაშვილი, საზოგადოება „ბილიკის" ფსიქოლოგი მარიკა გოჩიაშვილი და ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის შიდა ქართლის კომიტეტის წარმომადგენლები, ჟანა ადუაშვილი და თეა ბარბაქაძე. დისკუსია გაიმართა ძალადობის ფორმებზე, მათი წარმოშობის მიზეზებზე, თავიდან აცილებისა და აღმოფხვრის გზებე. თითოეულმა მათგანმა თავისი მოსაზრება გამოთქვა ამ საკითხებთან დაკავშირებით, ერთზე კი ყველა შეთანხმდა, რომ ბავშვის ნორმალურ აღზრდაზე, მის სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებაზე პირველ რიგში ოჯახმა, შემდეგ კი სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. დაუშვებელია ოჯახში ბავშვის თანდასწრებით უარყოფითი ემოციის გამოვლენა, ან მასზე ნებისმიერი სახის ძალადობა, რადგან ხშირად ძალადობის მსხვერპლი მომავალში თავად ხდება მოძალადე.
მამა გიორგიმ დისკუსიის მონაწილეები დალოცა და აღნიშნა, რომ „ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა, ახალგაზრდების მუშაობა ამ საკითხებში, რადგან ისინი მომავალი დედები და მამები არიან და უნდა იცოდნენ, რომ ოჯახური, ცოლ-ქმრული პრობლემები შვილების დაუსწრებლად უნდა მოაგვარონ, რათა თავიანთი ქცევით შვილებში ძალადობის ნიშნები არ გააღვივონ და ცხოვრება არ დაუმახინჯონ." „ ბილიკის" ფსიქოლოგმა მარიკა გოჩიაშვილმა კი სასკოლო ძალადობის სახეებზე ისაუბრა და მოზარდებს თანაკლასელებთან მიმართებაში განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა სთხოვა: „გთხოვთ, რომ ყურადღებით იყოთ ერთმანეთის მიმართ, ხშირად თქვენ ვერც კი ხვდებით ისე ახდენთ თანატოლის მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას, მაგალითად უსწავლელობის, ან რაიმე ფიზიკური ნაკლის გამო, აითვალწუნებთ, არქმევთ ზედმეტ სახელს, არ გსურთ მასთან მეგობრობა, არადა, ის მოსწავლეც არაფრით განსხვავდება თქვენგან და შესაძლებელია მასში სხვაზე მეტად მდიდარი სულიერი სამყარო იყოს ჩაბუდებული. მხოლოდ აღნიშვნა ამ დღის არაფერია, თუ თქვენ სურვილი არ გექნებათ თქვენი შესაბამისი ქცევით წინ აღუდგეთ ძალადობას".
ამავე დღეს, „ბილიკელების" მიერ შექმნილი ძალადობის წინააღმდეგ მიმართული თავისუფალი თემების და მხატვრული ნამუშევრების გამოფენაც მოეწყო, მოგვიანებით ამ ნამუშევრებიდან საუკეთესო სლოგანები და ნახატები შეირჩევა და კალენდარი გაკეთდება.