2008-11-11

ბავშვთა უფლებათა ვიზუალიზაცია

  

"Excellent" - ეს სიტყვა საზოგადოება „ბილიკის" ტრენინგ-დარბაზში 25-დან 29 ოქტომბრის ჩათვლით ყველაზე ხშირად ისმოდა. პროექტს, რომელიც საზოგადოება „ბილიკის" და გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF საქართველის თანამშრომლობით განხორციელდა, „ბავშვთა უფლებათა ვიზუალიზაცია" ერქვა და მოიცავდა სემინარებს ფოტოხელოვნების შესახებ. სემინარებს ცნობილი იტალიელი ფოტოგრაფი, ჯაკომო პიროცი ატარებდა და ყველანაირად ცდილობდა ჩვენთვის მაქსიმალური ცოდნა გადმოეცა.
სემინარების პირველი ორი დღე ფოტოგრაფიის თეორიულ გაკვეთილებს დაეთმო, უკვე 3-მე დღეს კი 22 მოზარდისაგან შემდგარი 4 ჯგუფი, თეორიის პრაქტიკაში გამოსაყენებლად სხვადასხვა მიმართულებით გავემართეთ. გადავწყვიტეთ სურათები აგვისტოს მოვლენების თემაზე გადაგვეღო, ამიტომ ფოტოები ქალაქ გორის სხვადასხვა უბანში და სოფელ კარალეთში გადავიღეთ, ასევე ვეწვიეთ იმ ობიექტებსაც, სადაც დევნილები დროებით, კომპაქტურად არიან ჩასახლებულნი. მე-4 დღე კი ჩვენ მიერ გადაღებული ფოტოების განხილვას დაეთმო. ძალიან სასიამოვნო და ამავე დროს ძალიან სევდიანი იყო ბოლო, მე-5 დღე. ამ დღეს ჩვენ საშუალება მოგვეცა მიღებული ცოდნა შეგვეჯამებინა, თანაც UNICEF საქართველომ ყველას ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი გაგვიკეთა, სემინარის ბოლოს თითოეულ მონაწილეს საჩუქრად ციფრული ფოტოკამერები, სერთიფიკატები და სამახსოვრო მაისურები გადმოგვცა. განშორების დღე ემოციურად ყველაზე დატვირთული აღმოჩნდა.
ხუთი დღის განმავლობაში სემინარის მონაწილეები და UNICEF-ის წარმოამდგენლები, რომლებიც ჩვენთან ერთად იმყოფებოდნენ ამ დღეების განმავლობაში, ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს. ასევე დავუახლოვდით ჯაკომოსაც, რომელიც ყოველთვის მეგობრულ დამოკიდებულებას ამჟღავნებდა ჩვენს მიმართ...
და ბოლოს, ყველა იმ ბავშვის სახელით, რომლებიც ზემოთ აღნიშნულ სემინარებს ესწრებოდა, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საზოგადოება „ბილიკს" და UNICEF საქართველოს. იმისათვის რომ მათ საშუალება მოგვცეს ფოტოხელოვნების საფუძვლები შეგვესწავლა და ამასთანავე ის 5 დღე სასიამოვნოდ გაგვეტარებინა... და რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ჯაკომო პიროცის, რომელმაც ძალიან შეგვაყვარა თავი.

  

Copyright © 2006 BILIKI. All Rights Reserved.
Created by: Pro-Service