2008-11-14

ჩემი სამშობლო

  

23 ოქტომბერს „ბილიკის" აღსაზრდელებმა მუსიკალური სპექტაკლი წარმოადგინეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ის ბავშვები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტში სახელწოდებით „დავეხმაროთ ომის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს". პროექტი, რომელიც 30 დაზარალებული ბავშვისთვის ფსიქოლოგიური ტრენინგ-პროგრამის ჩატარებას ისახავდა მიზნად, საქართველოში „ქალთა ფონდის" დაფინანსებით განხორციელლდა. ფონდის ხელმძღვანელმა ნანა ფანცულაიამ, რომელიც ღონისძიებას ესწრებოდა, კმაყოფილება გამოთქვა „ბილიკის" მუშაობასთან დაკავირებით: „არაჩვეულებრივი დღეა, ბავშვების მიერ ნაჩვენები კონცერტიც მომეწონა, შესანიშნავად მუშაობს ორგანიზაცია, ძალიან კმაყოფილი ვარ ამ დღით, რადგან ვხედავ რომ ბავშვებს უხარიათ, დღეს კი მთავარი ესაა..."
ბავშვები კი მართლაც გახარებულები იყვნენ, მათ თვალებში ნამდვილად არ ჩანდა ის სევდა, რომელიც აგვისტოს მოვლენებმა გამოიწვია თითოეულ მათგანში. მუსიკალური სპექტაკლის მონაწილეები კი ბედნიერები იყვნენ იმით, რომ თანატოლებს კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქეს. „ძალიან მიხარია, რომ მეც მივიღე მონაწილეობა დევნილი ბავშვებისადმი მიძღვნილ კონცერტში. მინდა რომ რამენაირად გვერდში დავუდგე მათ, ვინც ამ პერიოდში დაზარალდა. მინდა რომ გამხიარულდნენ და ცოტა ხნით მაინც სხვა რამეზე იფიქრონ" - აღნიშნა ერთერთმა მონაწილემ - თეონა მენაბდიშვილმა.
პატარა ლუკა, რომელიც ღონისძიებაზე მოწვეული იყო, როგორც ომის შედეგად დაზარალებული ბავშვი, დედიკოს დახმარებით გაგვესაუბრა და გვითხრა: „კარგი კონცერტი იყო, ტაშიც დავუკარი და საჩუქარიც მომცეს".
საჩუქარი ლუკას მსგავსად ყველა ბავშვმა მიიღო: წიგნები, მხატვრული ლიტერატურა და საკანცელარიო ნივთები, რომელიც „ქალთა ფონდის" მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში იქნა შეძენილი. პატარებსაც და დიდებსაც პროკრედიტ ბანკისა და ფედერაცია „გადავარჩინოთ ბავშვების" მიერ მოტანილი რბილი სათამაშოები ერგოთ. ასე რომ ღონისძიებიდან არც ერთი ბავშვი არ წასულა უსაჩუქროდ.
თუმცა საჩუქრის გადაცემამდე კიდევ ერთი ძალიან ლამაზი და დასამახსოვრებელი მომენტი... „ბილიკის" აღმასრულებელმა დირექტორმა მარიკა მღებრიშვილმა მადლობა გადაუხადა „ქალთა ფონდს" და იმ ორგანიზაციებს, რომლებიც მათ ეხმარება, ბავშვებს კი ერთად დგომისაკენ მოუწოდა: „მე მინდა გთხოვოთ, მოდით ჩავკიდოთ ხელები, რათა ვაგრძნობინოთ ერთმანეთს და სხვებსაც დავანახოთ, რომ ერთად ვართ და ყოველთვის ერთად ვიქნებით..." ასე ხელიხელ ჩაკიდებულებმა სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს, ბოლოს ყველა მოწვეულ სტუმარს ტკბილეულითაც გაუმასპინძლდნენ.
ღონისძიება კი იმ წერილების გამოფენის დათვალიერებით დასრულდა, რომელიც ისრაელიდან ებრაელმა ბავშვებმა ქართველ თანატოლებს გამოუგზავნეს...

  

Copyright © 2006 BILIKI. All Rights Reserved.
Created by: Pro-Service