2008-11-11

წერილები ისრაელიდან

  

I-Relief კოალიციაა, რომელიც სამ ორგანიზაციას აერთიანებს. ესენია: Brit Olam, Kibutz Movement და „ექიმები საზღვრებს გარეშე". კოალიციის მიზანია იმ ადამიანების დახმარება, რომელთაც კრიზისული სიტუაციების გადალახვა მოუწიათ ან კატასტროფა გადაიტანეს. საქართველო ორგანიზაციის ერთ-ერთ სამიზნე ქვეყანას წარმოადგენს. I-Relief გორში ფუნქციონირებდა 2 თვის განმავლობაში, მუშაობდა კარვების ქალაქში მცხოვრებ მოსახლეობასთან და უწევდა მათ ფსიქოლოგიურ დახმარებას. I-Releif თანამშრომლები ასრულებდნენ სოციალური მუშაკებისა და მასწავლებლების ფუნქციებს, მუშაობდნენ ქალებთან, ბავშვებთან და მოზარდებთან მოხალისეობრივ საწყისებზე, სრულიად უსასყიდლოდ. მათივე განცხადებით, ქართველ ხალხთან მუშაობა დიდ გმოცდილებას სძენდა თითოეულ მათგანს, რადგან ქართველები გასაოცარი ადამიანები აღმოჩნდნენ - თბილი, გულისხმიერი და სტუმართმოყვარე. კოალიციის წარმომადგენლები მზად არიან დიდი სიხარულით განაგრძონ თანამშრომლობა ქართველ ხალხთან.
13 ოქტომბერს საზოგადოება „ბილიკში" საინტერესო გამოფენა მოეწყო I-Relief თანამშრომლების დახმარებით, სადაც წარმოდგენილი იყო ებრაელი ბავშვების ნახატები და წერილები. ძნელია ამ წერილების წაკითხვის შემდეგ რაიმე კომენტარი გააკეთო, რადგან ეს არის ომგამოვლილი ბავშვების ნაამბობი, რომლებიც ცდილობენ ჩვენს გაგვამხნევონ და მეგობრობის ხელი გამოგვიწოდონ.
ჩვენ ამოვკრიბეთ თითოეული ბავშვის სურვილი, მოწერილი ქართველი ბავშვებისადმი და გვინდა თქვენც გაგიზიაროთ:
„სალამი ქართველ ბავშვებს. მე დანოში მქვია, ისრაელის ჩრდილო ნაწილში ვცხოვრობ. ეხლა საროსში ვარ. როცა აქ ჩამოვედი, ლიბანთან ომი იყო. გამუდმებით განგაშის ზარი რეკავდა და სულ ვიმალებოდით. არ იდარდოთ და იზრუნეთ საკუთარ თავზე. ბოლოს იქნება სიმშვიდე; ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება. თუ შეგიძლიათ მომწერეთ საპასუხოდ."
„გამარჯობა ტალისგან და სახარისგან! გისურვებთ საუკეთესო ცხოვრებას, სიხარულს, ყველა თქვენგანი იქნება ბედნიერი და ჯანმრთელი. არა აქვს მნიშვნელობა რა მოხდება, ჩვენ ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით. ვიმედოვნებთ რომ მეტ ტკივილს აღარ მოგაყენებენ. ღიმილი არის თავისუფალი და უფასო."
„ქართველ ბავშვებს! მე მქვია იუვალ რაისი, მინდა რომ ჩემი სიტყვით გაგაძლიეროთ. როგორ ხართ? როგორ გრძნობთ თავს? გისურვებთ მშვიდობას და ბედნიერებას. როცა ომი იყო ისრაელში, მე ყველაზე მეტად დამეხმარა ოპტიმიზმი და ღიმილი ჩემს სახეზე."
„საქართველოს ბავშვებს! გამარჯობა! მე ვარ შაი. ადრე ვცხოვრობდი კირიატ-შმონაში. როდესაც მოხდა ომი ისრაელსა და სირიას შორის, მე ვიყავი სახლში. იყო სირენა, რომ უნდა დაწყებულიყო დაბომბვა, გავიქეცი თავშესაფარში. ჩემი მამიკო ყველას აფრთხილებდა რომ სიფრთხილე გამოეჩინათ, თვითონ კი მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოასწრო, როდესაც ჭურვი დაეცა მის მანქანას. მას შემდეგ ვცხოვრობთ ახალი ცხოვრებით."
„საქართველოს ბავშვებს! მე ვიცი რომ თქვენ გამოიარეთ ომი და თანაგიგრძნობთ. ჩემი აზრით, რუსეთი იყენებს თავის ძალას თქვენს წინააღმდეგ. ორი წლის წინ ჩვენთანაც იყო ომი, რის გამოც ჩაიშალა მთელი ზაფხულის არდადეგები, მაგრამ ყველაზე მეტად რაც დამეხმარა, იყო იუმორი. იყავით ოპტიმისტები, მხიარულები და იქნებით უფრო ძლიერები! ავივი ისრაელიდან."
„თქვენ არ ხართ მარტო, ჩვენ თქვენთან ვართ და გეხმარებით. გვინდა გითხრათ, რომ იქნება მშვიდობა, გაიღიმეთ და არასოდეს დანებდეთ. ნიდსან და იანდენი."

  

Copyright © 2006 BILIKI. All Rights Reserved.
Created by: Pro-Service