
| მიმდინარე წლის 2-8 ოქტომბერს ბათუმის მერიის მხარდაჭერით საზოგადოება „ბილიკმა" განახორციელა პროექტი „გორელი ბავშვების ფსიქოლოგიური და არაფორმალური საგანმანათლებლო მხადრდაჭერა კონფლიქტის შემდგომ." პროექტი ითვალისწინებდა მოზარდების ფსიქო-სოციალურ დახმარებას, ინტეგრაციას ბათუმელ მოზარდებთან - ერთობლივი ექსკურსიებისა და ღონისძიებების მოწყობას და კლუბების ლიდერების მიერ თანატოლებისათვის ტრენინგების ჩატარებას. გვინდა ავღნიშნოთ ბათუმის მერის, ბატონ რობერტ ჩხაიძის განსაკუთრებული წვლილი ბავშვებისათვის ამ ლამაზი დღეების ჩუქებისთვის. ასევე ბათუმის მერის განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამსახურის უფროსის ქალბატონ ნათია სურგულაძის, წამყვანი სპეციალისტების ლაშა კილაბერიასა და რეზო ხარაზის დახმარება. ლიკა ოქროპირიძე, ლიდერთა ქსელის წევრი: „როცა მიდიხარ, არ იცი სად მიდიხარ მანამ, სანამ არ მიხვალო" - ნათქვამია, მაგრამ გამონაკლისიც არსებობს, 2 ოქტომბერს ჩვენ, ლიდერთა ქსელის ახალმა წევრებმა ვიცოდით, რომ ულამაზეს ბათუმში მივდიოდით. ჩვენი ბათუმში სტუმრობა ბათუმის მერიისა და საზოგადოება „ბილიკის" თანამშრომლობის შედეგად დაიგეგმა, მისი მიზანი კი აგვისტოს მოვლენების შედეგად გორელი ბავშვებისათვის ახალი გარემოს შექმნა იყო. სასტუმროს საკონფერენციო დარბაზში ტრენინგები გვიტარდებოდა, შემდეგ კი ტარდებოდა ექსკურსიები ბათუმსა და მის შემოგარენში მდებარე მნიშვნელოვან ადგილებში. მოვინახულეთ მხარეთმცოდნეობისა დ ხელოვნების მუზეუმები, ვიყავით სარფში, ქედასა და გონიოში. დავათვალიერეთ ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ვესტუმრეთ პირველ სკოლასაც. სკოლის თვითმართველობის წარმომადგენლებმა ამ სკოლაში თვითმმართველობის ეგიდით შექმნილი დებატ კლუბის საქმიანობა გაგვაცნო, რის შედეგადაც გაჩნდა იდეა, შემუშავდეს ბათუმისა და „ბილიკის" კლუბების ერთობლივი პროექტები. ბათუმში ვიზიტის მიწურულს, მოეწყო შეხვედრა მწერალთა კავშირის წევრებთან. სტუმრები სხვადასხვა აქტუალურ თემებზე გვესაუბრნენ, მათ შორის ჩვენთვის მტკივნეულ აგვისტოს მოვლენებზეც. მწერლებთან შეხვედრა ლიტერატურაზე და პოეზიაზე საუბრის გარეშე წარმოუდგენელია: მოვუსმინეთ ავტორების მიერ წაკითხული ლექსები, რამაც უდიდესი შთბეჭილება მოახდინა, მართლაც რომ „ყველა ქართველი პოეტია, ყველა ქართველი პოეტი კი ორმაგი პოეტი!" ვახტანგ ღლონტი, მწერალი: „დღეს ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ არსებული სიტუაცია, იმიტომ რომ, მარტო გორს კი არ დაეცა ბომბი, არამედ მთელ საქართველოს, რადგა ჩვენ ერთნი ვართ. ძველ დროში იყო ასე: რადგან ჩვენი ქვეყანა სხვისი ქვეყნის ნაწილი იყო, ქართველი ცდილობდა, რომ სამშობლო მხოლოდ საკუთარ ოჯახში აეშენებინა; ახლა ოჯახად უნდა იდგეს მთელი სამშობლო. მე მიხარია რომ თქვენ გნახეთ, მიხარია, რომ ზოგიერთმა თქვენგანმა პირველად ნახა ბათუმი და რაც მთავარია, იგრძენით, რომ მართო არ ხართ, რომ ეს ურთიერთობა ბათუმთან მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენც ჩამოვალთ გორში. მანამდე კი გორელებს გისურვებთ, რომ ეს იყოს ბოლო ტრაგედია, ბოლო ტკივილი და როგორც ქართლის შუაგულს, ხვალინდელი დღე გიხაროდეთ ყოველთვის!" ამ შეხვედრის შემდგომ ჩვენ საშუალება გვქონდა უკვე საბანკეტო დარბაზში, გორელებისათვის გამართულ წვეულებაზე შევხვედროდით მწერლებს, ბათუმის მერიის წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს და გავსაუბრებოდით მათ. ბატონმა თამაზ ჭილაძემ ჩვენს გუნდს „მომავლის რაზმი" უწოდა.
|