
| ყველასათვის კარგადაა ცნობილი საქართველოში, კერძოდ კი სამაჩაბლოში განვითარებული ბოლო დროინდელი მოვლენები და ასევე მისი შედეგები. არც ის უნდა იყოს სიახლე რომ დევნილი ბავშვები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ. ისინი საკმაოდ კარგად აცნობიერებენ თავს დატეხილ პრობლემებს და უსაფრთხო მომავალს ეჭვის თვალით უყურებენ. დროებით თავშესაფრებში შესახლებული პატარები აქტუალურს ხდიან ომის თემას, როგორც თამაშის ისე, საუბრის მომენტში. და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, მათ ახასიათებთ მარტოობის, სიბნელის, ხმაურის შიში; ჩაკეტილები არიან საკუთარ თავში და ხშირად უმიზეზოდ ტირიან; ასევე სძინავთ კოშმარული ძილით და განიცდიან ყურადღების ნაკლებობას მშობლებისგან. ერთი სიტყვით მათი ფსიქიკა სერიოზულ კრიზისს განიცდის. საზოგადოება „ბილიკი" ფედერაცია „გადავარჩინოთ ბავშვების" დაფინანსებითა და ხელშეწყობით ახორციელებს პროექტს „დაცული კუთხე ბავშვებისთვის" (Child Friendly Spaces) რომელიც ითვალისწინებს დევნილ ბავშვებთან (6-16 წლამდე) მუშაობას, რათა მათ კონფლიქტით გამოწვეული ემოციური დაძაბულობა შეუმსუბუქოს და ბავშვებსა და მათ მშობლებს რეალობასთან გამკლავება გაუადვილოს. ამისათვის „დაცული კუთხე ბავშვებისთვის" მეთოდოლოგიით სამუშაოდ მომზადდა „ბილიკის" 15 მოხალისე, რომლებიც მუშაობენ როგორც გორში ასევე ატენსა და ხიდისთავში ოჯახებში ჩასახლებულ დევნილ ბავშვებთან. გორში მუშაობს 3 ჯგუფი, ხიდისთავსა და ატენში 2 მობილური ჯგუფი. დევნილი ბავშვები, განსაკუთრებით კი მოზარდები თავდაპირველად უნდობლად ჩაერთვნენ პროგრამაში, რადგან ეგონათ, რომ ჩვენ მათ ცხოვრებაში უხეშად ჩავერეოდით. მათი დაინტერესება მაინც მოვახერხეთ და პირველი შეხვედრა 16 სექტემბერს გაიმართა. პირველი შეხვერდრისას მოხდა საერთო ინტერესების გამოკვეტა, ჯგუფის დაახლოება-გაცნობა და რაც მთავარია ჯგუფის უკეთ ფუნქციონირებისათვის ჯგუფის წესების შედგენა. ჩვენი აქტივობები მოსაწყენი რომ არ ყოფილიყო შევიტანეთ ენერჯაიზერები, რომლებმაც რადიკალურად შეცვალა მონაწილე ბავშვებისა და მოზარდების დამოკიდებულება ჩვენს მიმართ. 19 სექტემბერს ხიდისთავის ჯგუფს ესტუმრნენ ფედერაცია „გადავარჩინოთ ბავშვების" წარმომადგენლები საქართველოსა და ა.შ.შ ოფისებიდან, რომლებმაც ჯგუფის წევრებთან ერთად ითამაშეს და იმხიარულეს, მათ ბავშვებისთვის მომავალში დახმარების მზადყოფნა გამოხატეს. დამშვიდობებისას ბავშვებს შინ დაბრუნება უსურვეს. ჯგუფი გაახალისა სტუმრების ვიზიტმა. ბავშვებმა შეხვედრის ბოლოს თავისი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს: ბექა 12 წლის: ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით და გამიხარდება თუ მომავალშიც ასე გაგრძელდება. ანი 14 წლის: მადლობელი ვარ იმ ადამიანების, ვინც გვეხმარება და ჩვენს გამხიარულებაზე ზრუნავს; ზურა 16 წლის: პირველი შეხვედრისას, რატომღაც სერიოზულად არ აღვიქვამდი თქვენს მუშაობას, მაგრამ ახლა შევეჩვიე და ძალიან მომწონს. თეონა 13 წლის: მე პირადად ისე მომწონს თქვენთან ყოფნა, რომ გუშინ ადრე დავიძინა, დღევანდელი დღე რომ მალე გათენებულიყო. საზოგადოება „ბილიკი" ყოველთვის მზადაა დაეხმაროს ბავშვებს და იზრუნოს ჩვენი პატარა მეგობრების კეთილდღეობისთვის. პროექტი არაჩვეულებრივად მიდის. დღეები სავსე სიახლეებით, წარმატებებით, ახალი მეგობრებით, მუშაობის სურვილით და რაც მთავარია ენთუზიაზმით. ამიტომ იმედია, დასახულ მიზანსაც მივაღწევთ და საკუთარ სახლებს და ჩვეულ გარემოს მოშორებულ ბავშვებსა და მათ მშობლებს დევნილობაში ცხოვრების სირთულეებს შევუმსუბუქებთ. ნანა ფერაძე თიკო კახიაშვილი საზოგადოება „ბილიკის" მოხალისეები
|