
| საზოგადოება „ბილიკი" ყოველწლიურად აწყობს საზაფხულო ბანაკს სხვადასხვა საკურორტო ადგილებში, სადაც დასვენების პარალელურად იმართება ტრენინგ-პროგრამა. ბანაკის განხორციელების ადგილად წელს დაბა ურეკის სასტუმრო „კოლხიდა" შეირჩა, რომელიც იდეალური ადგილი აღმოჩნდა ერთდროულად სწავლის, გართობის და დასვენებისთვის. 12 დღიანი ტრენინგ-პროგრამა (პროექტი „ახალი ცხოვრების დასაწყისი" Save the Children/USAID) მოიცავდა როგორც არაფორმალური განათლების მიღებას, აგრეთვე სხვადასხვა კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს. საზაფხულო ბანაკში მონაწილეობა მიიღეს ცენტრების „ბილიკის" და „სხივის" 30 მოზარდმა (მ.შ 3 გოგონა ლიდერთა ქსელის და სადისკუსიო კლუბის ხელმძღვანელები). ჩასვლიდან მეორე დღესვე დაიწყო აქტიური ტრენინგები შემდეგ თემებზე: ბავშვის და ადამიანის უფლებები, კონფლიქტების მოგვარება, ლიდერობა, დროის ორგანიზების 4 ეტაპი, თანამშრომლობის სტრატეგიები. ტრენინგების მსვლელობისას მაქსიმალურად ხდებოდა თითოეული მონაწილის გახსნა და განვითარება. ტრენინგს ესწრებოდნენ სასტუმროს სხვა დამსვენებლებიც, რომლის დროსაც ხდებოდა მონაწილეების დაახლოება და უკეთ გაცნობა. ქრებოდა ბარიერი დიდებსა და პატარებს შორის. ტრენინგების პარალელურად იმართებოდა დისკუსიები და თამაშის პრინციპზე დამყარებული დებატები, რომლებიც მოიცავდა „ფასეულობების" ცნების განმარტებას. ბანაკის პერიოდში განხორციელდა სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებები, რომლის ორგანიზატორები თავად მოზარდები იყვნენ. მოეწყო ვიქტორინები, მხიარულთა და საზრიანთა კონკურსი. პირველ კულტურულ ღონისძიებას კონცერტის სახე ჰქონდა და ემსახურებოდა საზოგადოება „ბილიკის" გაცნობას დამსვენებლებისთვის. ერთ საათიან პროგრამას დიდი წარმატება მოჰყვა, ცნობილი გახდა ორგანიზაციის მისია საზოგადოებისათვის. შემდეგი მნიშვნელოვანი ღონისძიება სპორტული შეჯიბრი იყო პლაჟზე, რომელიც ორგანიზაციის ამერიკელმა მოხალისეებმა მოამზადეს. შეჯიბრება იყო ძალზედ სახალისო და ემსახურებოდა ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზებას. ბოლო ღონისძიება პროექტის ფარგლებში იუმორისტული ხასიათის იყო, რომელიც ცენტრების „სხივისა" და „ბილიკის" გუნდებს შორის გაიმართა, ღონისძიება მოამზადეს თავად მოზარდებმა, რომელიც სავსე იყო იუმორით, სიმღერით და ცეკვით. დასასრულს კი ყველა მონაწილე დასაჩუქრდა. დარწმუნებული ვართ, ურეკის 12 დღე ცხოვრების ბოლომდე დაამახსოვრდება თითოეულ ბავშვს, რადგან იქ იყო ყველაფერი ბედნიერებისთვის. ბათუმი 10 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით აჭარის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბატონ ლევან ანთაძის მიწვევით საზოგადოება „ბილიკის" 27-მა ბავშვმა დაისვენა ზღვისპირეთში და ამავდროულად ჩაერთო სხვადასხვა აქტივობებში ბათუმელ თანატოლებთან ერთად. თითოეული დღე იყო სიახლეებით სავსე და საინტერესო. ბათუმში ყოფნის დროს „ბილიკის" ბავშვების მხარდასაჭერად განხორციელდა მრავალი ღონისძიება. მ.შ ბილიკელები მიწვეულები იყვნენ აქცია კონცერტზე "Stop Russia" რომელიც მოეწყო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ნაციონალური მოძრაობის მიერ. ბავშვები დაპატიჟეს კაფე „ცეროდენაში", ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს გონიოს ციხე, სარფი, თურქეთის საზღვარი, ანდრია პირველწოდებულის კულტურული ძეგლი. არ შეიძლება არ აღინიშნოს აჭარის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამკურნალო და სოციალური დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის ქალბატონ მარი ბეზერაშვილის დახმარება. იგი დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა ჩვენი ბავშვებისთვის დაუვიწყარი არდადეგები ეჩუქებინა. ჩვენი მასპინძლების, ურეხის ბავშვთა სახლის მოზარდებთან ერთად განხორციელდა ერთობლივი კონცერტი, რომელსაც დაესწრნენ კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, გაიმართა მხიარული სტარტები, ინტელექტუალური ვიქტორინა, ეწყობოდა სხვადასხვა ფსიქოლოგიური თამაშები, მხიარულთა და საზრიანთა შეჯიბრი, მოეწყო ექსკურსია ღამის ბათუმში, ბოტანიკურ ბაღში. 18 სექტემბერს ბავშვთა სახლს ესტუმრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი ლევან ვარშალომიძე, გაესაუბრა „ბილიკის" აღსაზრდელებსაც. ბატონი ლევანის სტუმრობისთვის ბილიკელებმა და ბათუმელმა მასპინძლებმა პატარა საკონცერტო პროგრამა მოამზადეს, რომლის ბოლოსაც სამახსოვრო ფოტოები გადავიღეთ. |