2008-04-02

,,არჩევნობანა" ანუ მე მიყვარს ჩემი მასწავლებელი

  

1 თებერვალს ,,ბილიკში" მასწავლებლების არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ორგანიზაციის ბენეფიციარები იღებდნენ მონაწილეობას. ერთი შეხედვით ბავშვებისათვის სახალისო პროცედურას მნიშვნელოვანი მიზეზი ჰქონდა. ბავშვებს ,,არჩევნობანას" თამაშით უსაყვარლესი პედაგოგი უნდა გამოევლინათ. თუმცა, უფროსებისათვის  მიზანი ცოტა განსხვავებული იყო. არჩევნების იდეა, რომელიც Save the Children-ის პროექტის ,,ახალი ცხოვრების დასაწყისის" "USAID "დირექტორის კატარჟინა ვარგანისაგან წამოვიდა, მიზნად ისახავდა ბავშვებისათვის საარჩევნო პროცედურების სწავლებასა და მომავალში აქტიური მოქალაქეების ჩამოყალიბების ხელშეწყობას.

საზოგადოება ,,ბილიკში" არჩევნებისათვის ყველაფერი საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად დაიგეგმა, განვითარდა და დასრულდა. ჯერ 11 მასწავლებლის კანდიდატურა კენჭისყრით შეირჩა, შემდეგ თითეულის მიერ საარჩევნო პროგრამა შეიქმნა და წინასაარჩევნო პიარ კამპანია დაიგეგმა. ორი კვირის მანძილზე თერთმეტივე მასწავლებელმა თავიანთი საარჩევნო პროგრამა ანუ მომავალში სასწავლო გეგმა გააცნო ,,ბილიკის" ბენეფიციარებს და საინტერესო სიახლეები შესთავაზა.
მთელი საარჩევნო კამპანისს მანძილზე ბავშვების მთავარი სასაუბრო თემა არჩევნები იყო. ისინი აქტიურად ჩაერთვნენ ამ პროცესში და საყვარელი მასწავლებლისათვის საარჩევნო პლაკატებიც შექმნეს.
საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, საარჩევნო კამპანია 31 იანვარს, სამუშაო დღის ბოლოს დასრულდა, ჩამოიხსნა პლაკატები, შეწყდა საარჩევნო ბუკლეტების დარიგება.
1 თებერვალს, დილის 10 საათიდან ორი საარჩევნო უბანი გაიხსნა, ერთი საზოგადოება ,,ბილიკში" და მეორე დღის ცენტრ ,,სხივში", რომელიც ქ.გორის ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე მდებარეობს.
გორის საოლქო-საარჩევნო კომისისათან შეთანხმებით, გამოიყო ორი საარჩევნო ყუთი, არჩევნების მიმდინარეობას კი საზოგადოება ,,ბილიკის" მოხალისეები აკვირდებოდნენ.
სულ არჩევნებში 77 ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. ხმების დათვლის შემდეგ ორი საყვარელი მასწავლებელი გამოვლინდა, საზოგადოება ,,ბილიკიდან", ცისანა კანიაშვილი, ხოლო დღის ცენტრ ,,სხივიდან"- გოგა კავლელაშვილი.
8 თებერვალს ,,ბილიკში" არჩევნების დასკვნითი ნაწილი გაიმართა და გამარჯვებულ პედაგოგებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
ამიერიდან ,,არჩევნობანას" თამაში საზოგადება ,,ბილიკის" ბენეფიციარებს ყოველ წელს შეეძლებათ. ამ სიახლეს ისინი მომავალ წელსაც სიამოვნებით ელოდებიან. პატარებს ყველაზე მეტად მარკირების პროცედურა მოსწონთ და კიდევ ის, რომ მათი განსაკუთრებული ხმა მათთვის გამორჩეულ მასწავლებელს ეკუთვნის.

Copyright © 2006 BILIKI. All Rights Reserved.
Created by: Pro-Service