
| ბევრი მადლიერი სახე, პატარების სიხარულისაგან ანთებული თვალები და სასიამოვნო მოლოდინი, რამაც წინასაახალწლო დღეს VTB ბანკის გორის ფილიალის ძველი, მაგრამ ახლებური ევრო-იერის მისაღები მოიცვა. ნაძვის ხის ირგვლივ თავმოყრილი საახალწლო საჩუქრები საზოგადოება ,,ბილიკის" 70 ბენეფიციარისათვის იყო განკუთვნლი, თუმცა არჩევანი თითოეული ბავშვისათვის ინდივიდუალური და განსაკუთრებული იყო. ყველაფერი კი ასე დაიწყო: ერთ დღეს საზოგადოება ,,ბილიკში" გაისმა ტელეფონის ზარი, რომ თითოეულ ბავშვს, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან, დაეწერათ წინასაახალწლო სურვილები და თავიანთი ოჯახების ისტორიები. VTB ბანკის სათაო ოფისისა და გორის ფილიალის ერთობლივი ძალისხმევით, დაახლოვებით, ერთი თვის თავზე ეს ოცნებები რეალობად იქცა. ,,ჩვენ გვინდოდა, ამ ბავშვებისათვის ახალი წელი მოგველაცა და მცირედი საჩუქრით ხვალინდელი დღე უფრო გაგველამაზებინა'' - აღნიშნა VTB ბანკის გორის ფილიალის მმართველმა თენგიზ სანიკიძემ. პატარები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ და ცოტა დაბნეულობა ეტყობოდათ, მათ ხომ თავიანთი ბავშვური სურვილები თოვლის პაპამ კი არა VTB ბანკმა აუსრულა. |