2008-06-19

ვიცოდეთ და დავიცვათ ჩვენი უფლებები

  

საზოგადოება ,,ბილიკის" ბავშვთა უფლებათა დაცვის კლუბის წევრებმა 20 დეკემბერს სოფელ ნიქოზის საჯარო სკოლის უფროსი ასაკის მოსწავლეებისათვის შეხვედრა მოაწყვეს. მათი მიზანი თანატოლებისათვის ბავშვთა უფლებათა კონვენციის გაცნობა, მათი უფლებების დაცვის საკითხების პოპულარიზაცია და ამ მხრივ რაიონის საჯარო სკოლებში ცოდნის ამაღლება იყო. ტრენინგი ბავშვთა უფლებათა კლუბის ხელმძღვანელმა ნიკა სამადალაშვილმა, თაკო ჩუტკერაშვილმა და საზოგადოება ,,ბილიკის" მოხალისემ თამუნა მჭედლიძემ ჩაატარა.

ნიქოზის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბევრი სასარგებლო ინფორმაცია მიიღეს თავიანთ უფლებებზე, როგორიცაა ბავშვებისათვის განათლების, ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ყოფნის, შეკრებისა და გაერთიანებების შექმნის, ოჯახურ გარემოში აღზრდის უფლება და სხვა. მათთვის სიახლე აღმოჩნდა ბავშვთა უფლებების დაყოფა სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და პირად უფლებებად. დისკომფორტის მიუხედავად, რომელსაც სკოლაში ოხშივარივით დამდგარი ღუმლების ბოლი ქმნიდა, შეხვედრამ ერთ საათს გასტანა და დიდი ინტერესი გამოიწვია. მოსწავლეები აქტიურად ჩარეთვნენ დებატებში და აღნიშნეს, რომ მათ ყველაზე მეტად სწავლისა და გართობის უფლებები ერღვევათ, რადგან სკოლაში ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული გათბობის პრობლემა, ასევე რაიონებში არ არსებობოს ბავშვებისათვის გართობის საშუალებები.

ბავშვთა უფლებათა დაცვის კლუბის მიერ ორგანიზებული შეხვედრა თანატოლებთან, რომელიც კონფლიქტური რეგიონიდან დაიწყო, საინტერესო გამოდგა ორივე მხარისათვის. ნიქოზის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს ბილიკელებს და მათთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.  

Copyright © 2006 BILIKI. All Rights Reserved.
Created by: Pro-Service