2008-06-19

ტრენინგი ,,ბილიკის" ახალგაზრდა ლიდერებისათვის

  

5-9 დეკემბერს საზოგადოება ,,ბილიკის" ლიდერეთა ქსელის 14 წევრისათვის დაბა ბაკურიანში ხუთდღიანი ტრენინგი ჩატარდა. ეს ტრენინგ-კურსი ,,ბავშვთა გლობალური ფონდის" მხარდაჭერით ,,ბილიკმა" უკვე მესამედ განახორციელა, პროექტის ,,ბავშვები და მომავალი ცხოვრების" ფარგლებში.

გასვლითი ტრენინგების მთავარ მიზანს წარმოადგენს ბავშვების დაახლოვება და ეფექტიანი გუნდის ჩამოყალიბება, ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მოზარდებს საშუალება მიეცემათ, მიიღონ სპეციფიკური ცოდნა, ზოგადი ინტელექტუალური უნარ-ჩვევები, ისწავლონ დამოუკიდებელი მუშაობა, განივითარონ კომუნიკაციის, თვითშეფასებისა და შემოქმედებითი უნარები.

ამჯერად პროგრამა ორ მთავარ თემას მოიცავდა ,,პროექტის წერა" და ფინანსების მოძიება".

ტრენინგი, თემაზე ,,პროექტის წერა", მშვიდობის კორპუსის მოხალისემ ქათნო ალექსანდერმა ჩაატარა. მისი მიზანი იყო დამწყები ლიდერებისათვის პროექტის წერის ტექნიკა და მისი განხორციელებისათვის საჭირო ნაბიჯები ესწავლებინა, რომელიც შემდეგ პრაქტიკულად უნდა განახორციელონ.

პირველი სამი დღე ძალიან შრომატევადი გამოდგა, თუმცა, რეზულტატი, შედეგიანი. თავიანთი ქალაქის პრობლემებით შეწუხებულმა მონაწილეებმა სამი რეალური და მიღწევადი პროექტი დაწერეს.

პირველი პროექტი ეხება ქალაქის დაბინძურების პრობლემას, განსაკუთრებით კი სკვერების უვარგისობას დასვენებისათვის. პროექტი მიზნად ისახავს ქალაქში არსებული სკვერების დასუფთავებას და ახალი ტრადიციის დამკვიდრებას ჯერ ქალაქის, შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელსაც, პირობითად, ,,სუფთა დღე" უწოდეს.

მეორე პროექტი ეხება ახალგაზრდობის განვითარებას. ამ პრობლემის გადასაჭრელად ჯგუფმა მიზნად დაისახა მათი გააქტიურება და სხვადასხვა კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება, რაც ამასთანავე ხელს შეუწყობს ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

მესამე პროექტი ქალაქში ტურიზმის განვითარებას ეხება, რადგან იშვიათია, ან საერთოდ არ არსებობს ტურისტული სააგენტოები და გიდები, რომლებიც ხელს შეუწყობენ შიდა ქართლში ტურისტების მოზიდვას და ღირსშესანიშნავი ადგილების მაქსიმალურად ეფექტურად წარმოჩენას.

პროექტების დასრულების შემდეგ, ფინანსების მოზიდვის ჯერი დადგა. ლიდერებს ამი შესახებ სპეციალური ტრენინგი ჩაუტარა თინიკო გვერწითელმა, რომელიც გამოცდილი ექსპერტია არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში.

ტრენინგის ბოლო ნაწილი ინტელექტუალურ და გასართობ ღონისძიებებს დაეთმო, დასახელდა ყველაზე ნიჭიერი, ორიგინალური, მეგობრული, აქტიური, მხიარული, გულახდილი, წყნარი მონაწილე. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს საჩუქრად გადაეცა სიმბოლური პრიზები ახალი წლის მოახლოვებასთან დაკავშირებით.

მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მათთვის ნათელი გახდა წარმატებული პროექტის წერის გზები და ისინი აპირებენ, არ დასჯერდნენ მიღწეულს. მათ აქვთ საჭირო ცოდნა და მოტივაცია, თუ როგორ შეიტანონ წვლილი სხვადასხვა პრობლემების მოგვარებაში.

საზოგადოება ,,ბილიკის" ლიდერა ქსელის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ბაკურიანის ტრენინგები ძალიან შედეგიანი გამოდგა. გარდა იმისა, რომ ლიდერთა ქსელის წევრებმა მიიღეს სასარგებლო ინფორმაცია წარმატებული პროექტების წერის შესახებ. მათ ისწავლეს გუნდური მუშაობა, სხვისი აზრის მოსმენა და პატივისცემა, მეგობრობა და ერთმანეთის სიყვარეული. ,,ყველასთვის ძალიან სასიამოვნო და თბილად მოსაგონარია ის უძილო ღამეები, რომლებიც მონაწილეებმა ერთმანეთის უკეთ გასაცნობად და დასაახლოვებლად გაატარეს. მინდა, მადლობა გადავუხადო საზოგადოება ,,ბილიკის" ბაკურიანში გატარებული მშვენიერი და მრავლისმომცემი დღეებისათვის და წარმატება ვუსურვო, რადგან ის ზრდის ახალგაზრდა თაობას, რომელიც აუცილებლად გამოადგება ჩვენს ქვეყანას". 

Copyright © 2006 BILIKI. All Rights Reserved.
Created by: Pro-Service