აღმა-დაღმა თმაქოჩორა ხეტიალა ,,ბილიკის " პატარა სცენაზეც შემოხეტიალდა და თავისი ავტორიც მოიყვანა სტუმრად. საზოგადოება ,,ბილიკის" პატარა აღსაზრდელაბმა 29 ნოემბერს პოეტს, დრამატურგს, პუბლიცისტსა და ბავშვების საყვარელ მეზღაპრეს მზია ხეთაგურს უმასპინძლეს. იგი მოწვეული იყო თავისივე ნაწარმოების სპექტაკლზე ,,ხეტიალა", რომელიც პატარა ბილიკელებმა გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის დამსახურებული არტისტის ქიშვარდ მანველიშვილისა და მუსიკის მასწავლებლის თამარ წულუკიძის ხელმძღვანელობით დადგეს.
მოწვეულთა შორის იყვნენ განათლების მუშაკთა სახლის ხელმძღვანელი ნანა გიგაური, მუსიკოსი მაყვალა ხორბალაძე, გორის რეგიონალური განვითარების სამსახურის უფროსი ხათუნა მენაბდიშვილი და სტუმრები სხვადასხვა სკოლიდან.
ღონისძიება ქართული ცეკვებით გაიხსნა, ერთმანეთს ენაცვლებოდა ქალაქური, ოსური, სამაია და ხალხური სიმღერების პოპური.
მსოფლიოს ბევრი საბავშვო თეატრის სცენის მოხეტიალების შემდეგ, სპექტაკლმა ,,ხეტიალამ" ,,ბილიკის" პატარა, მყუდრო სცენაზეც დაიდო ბინა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა სოციალურად დაუცველი პატარა ,,მსახიობების" მონდომება და ნიჭიერება. სპექტაკლმა დიდი მოწონება დაიმსახურა, ბავშვებს სიხარულისაგან თვალები უბრწყინავდათ.
მზია ხეთაგურმა დიდი მადლობა გადაუხადა ბილიკელებს თბილი და სასიამოვნო დახვედრისათვის და აღნიშნა, რომ მართალია, მისთვის ბევრად დიდ, გადაპრანჭულ დარბაზში გაუმართავთ საღამოები, სადაც გამოდიან დაუსრულებლად და აღარ ამთავრებენ ქება დიდიებას, თუმცა შეიძლება არც ესმოდეთ ბოლომდე ტექსტის შინაარსი, მაგრამ ,,ეს ისეთი დღეა, რომლის სხივიც არასოდეს ჩაქრება ჩემს ცხოვრებაში. მონაწილე ბავშვები იმდენად გულწრფელები არიან და ყველაფერს ისეთივე ბუნებრიობის ელფერს ანიჭებენ, როგორიც არის ჩვენი დღევანდელობა" - აღნიშნა პოეტმა.
ღონისძიების ბოლოს მოწვეულმა სტუმარმა პატარა ბილიკელებს თავისი ზღაპრების კრებული ,,ხარხარა მეფე" გადასცა, დაუტოვა ავტოგრაფები და სამახსოვრო ფოტოები გადაიღო მათთან ერთად.