17 ნომბერს საზოგადოება ,,ბილიკში" ჩატარდა დისკუსია თემაზე, ,,არ დავუშვათ ძალადობა". დისკუსია ეძღვნებოდა მსოფლიო დღეს ბავშვებზე ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 19 ნოემბერს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან, 20 ნოემბერთან ერთად.
2001 წლიდან ბავშვებზე ძალადობის საწინააღმდეგო დღე გლობალური მასშტაბით აღინიშნება არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის მიერ, რომელიც 149 ორგანიზაიას აერთიანებს 60-ზე მეტ ქვეყანაში.
საზოგადოება ,,ბილიკში" ამ დღის აღსანიშნავი ღონისძიებები მთელი კვირის მანძილზე დაიგეგმა, რომელიც ახალგაზრდა ლიდერთა კლუბმა გახსნა. დისკუსიას უძღვებოდნენ ლიდერთა ქსელის ხელმძღვანელები, სოფო ოქროპირიძე და გიორგი ვეფხვაძე, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია ძალადობისა და მისი ფორმების შესახებ. დისკუსიაზე მოწვულნი იყვნენ: დიმა გოგიშვილი-საქართველოს ახალგაზრდული ასოციაციის გორის ოფისის თავმჯდომარე, ლამარა შაყულაშვილი-ძალადობისაგან დაცვის შიდა ქართლის კომიტეტის თავმჯდომარე, მაგდა ჯამბრიშვილი-განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სოციალური მუშაკი, ეკა მენაბდიშვილი-საზოგადოება ,,ბილიკის" ფსიქოლოგი და თამარ წულუკიძე-ასევე საზოგადობა ,,ბილიკის" სოციალური მუშაკი. მათ თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს ძალადობასთან დაკავშირებით. სტუმრები გულახდილნი აღმოჩდნენ, და თავიანთი ცხოვრებიდან, ძალადობასთან დაკავშირებული მაგალითებიც მოიყვანეს. ამის შემდეგ ბავშვების ჯერიც დადგა... ისინი ცდილობდნენ, არგუმენტირებულად ჩამოეყალიბებინათ თავიანთი მოსაზრებები, ერთმანეთს ენაცვლებოდა იუმორი, აღშფოთება, ირონიული კითხვები და იუმორნარევი, მაგრამ ბევრის მთქმელი კრიტიკა.
დისკუსიამ საინტერესოდ და ემოციურად ჩაიარა. ბოლოს ბავშვებმა ძალადობასთან ბრძოლის გზები დასახეს და დაასკვნეს, რომ საზოგადოების როლი ძალიან მნიშვნელოვანია ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. თუ თითოეული ადამიანი საკუთარი თავიდან დაიწყებს ბრძოლას ძალადობის აღმოსაფხვრელად, მას მინიმალური ადგილი დარჩება ადამიანების ცხოვრებაში. მონაწილეებმა იმ იმედით დატოვეს დისკუსია, რომ ოდესმე მაინც ვიცხოვრებთ იმ დროში, სადაც ძალადობის როლი ძალიან უმნიშვნელო ადგილს დაიკავებს.